მერიამ ვაშლიჯვრის მეწყრული ნაპრალი ამოავსო – ლაშა სუხიშვილი 

ვაშლიჯვრის მეწყერზე, სადაც გეოლოგების წინასწარი შეფასებით, ნაპრალის სიგანე 20 სანტიმეტრზე მეტი იყო, მერიამ მიწის მასით ამოავსო – ინფორმაციას სოციაულ ქსელში გეოლოგი თეა გოდოლაძე ავრცელებს და თან დრონით გადაღებულ ფოტოებს ურთავს. 

გეოლოგის შეფასებით, მეწყერზე ამგვარი ჩარევა ნაჩქარევად მოხდა. 

“საქმე გვაქვს დიდ მეწყრულ სხეულთან, ამხელა სხეულთან ასეთი ჩარევა არ ვიცი, ასე უაპელაციოდ ჩარევა და რისკის გაღება ჩემთვის წარმოუდგენელი სითამამეა. მე, მაგალითად, დაველოდებოდი უცხოელი კოლეგების შუალედურ ანგარიშს და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებდი. თბილისის მერიისგან 5 დღის წინ გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რომ გაგვეგო როგორია გერმანელი ექსპერტების პოზიცია, თუმცა ჯერ არაფერი მიგვიღია” – ამბობს ჩვენთან საუბრისას თეა გოდოლაძე. 


მერიის მიერ გატარებულ სამუშაოებზე გეომორფოლოგი ლაშა სუხიშვილი გვეუბნება, რომ მეთოდი მსოფლიო პრაქტიკაშიც გამოიყენება, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ეს გადაწყვეტილება მეწყერის პარამეტრებიდან უნდა გამომდინარეობდეს. 

“ნაპრალი ამოვსებულია, როგორც ჩანს ანკერებს აკეთებენ და მიმდინარეობს ზედაფენის მოჭრა, სხვადასხვა მეწყერზე, სხვადასხვა პარამეტრებით ზოგიერთი ეს მეთოდი გამოიყენება მსოფლიოში, უბრალოდ ჩვენი კითხვა ის არის რამდენად სწორად არის ეს მექანიზმი შერჩეული ამ კონკრეტული მეწყრის შემთხვევაშ ან ხომ არ არის ნაჩქარევი, ხომ არ უნდა ყოფილიყო ჯერ მონიტორინგის სისტემა გამართული და შემდეგ დაწყებულიყო ასეთი მასშტაბური სამუშაოები. მერია ჩვენი სამსახურის წინასწარ შეფასებას, რომ დაახლოებით 800 000 კუბური მეტრი მიწაა დაძრული არ იზიარებს, ისინი თვლიან რომ მხოლოდ მთის პატარა ბლოკი დაძრული, რომელზეც ახლა სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნებოდა თუ ჩვენს კვლევებს არ ენდობიან, მათსავე დაქირავებული ექსპერტების შეფასებას და დასკვნებს დალოდებოდნენ” 

გავრცელებულ ფოტოებზე და შეფასებებზე კითხვებით თბილისის მერიასაც მივმართეთ. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ თუ საკითხზე კომენტარი იქნება შეგვეხმიანებიან. უწყებაში ამბობენ, რომ კომენტარის გაკეთებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 

რა დასკვნების საფუძველზე მიიღო მერიამ მსგავსი სამუშაოების დაწყების გადაწყვეტილება? იზიარებენ თუა არა მსგავს ჩარევას გერმანელი ექსპერტები ან როგორია მერიის დასკვნები მეწყრის პარამეტრებთან დაკავშირებით უცნობია. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin