მარწყვის მოვლა – აგრორჩევები

მარწყვის მაღალხარისხიანი მოსავლის წინაპირობას წარმოადგენს პირველი ყვავილის მოცილება და მწვანე ოპერაციების ჩატარება, რაც გულისხმობს გამხმარი და განუვითარებელი ფოთლების და სტოლონების რეგულარულ მოცილებას მაღალი მოსავლის უზრუნველსაყოფად.

სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად მარწყვის პლანტაციებში დაშვებულია მხოლოდ სპეციფიკური ჰერბიციდების გამოყენება, რომელსაც ძირითადად კვლების შორის იყენებენ. მარცვლოვანი სარეველების კონტროლისათვის რიგებში იყენებენ ასევე: “პანტერას”, “სტინგერს”, “ლონტრელს”, “ფიუზილადს” 200 -300 მლ/100 ლიტრზე დოზირებით. ასევე ფართოდ მიმართავენ გამარგვლას.

მარწყვი მცენარეთა დაცვის კუთხით მიეკუთვნება საშუალო სირთულის მცენარეთა ჯგუფს. სეზონის განმავლობაში აუცილებელია მარწყვის პლანტაციის 4- 8 ჯერ შესხურება მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვის მიზნით. მარწყვის გავრცელებული დაავადებებია: ფოთლის მურა და შავი სილაქავე, ფესვის შავი სიდამპლე, ფიტოფტორა და ნაცრისფერი სიდამპლე (ბოტრიცისი). მავნებლებიდან განსაკუთრებით საშიშია მარწყვის ცხვირგრძელას არაკონტროლირებული გავრცელება. მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა მოიცავს როგორც მექანიკურ (დაზიანებული ფოთლების მოცილება), ასევე ინტეგრირებულ მიდგომებს ფერომონების გამოყენების საფუძველზე, და კონტაქტურ და სისტემური პრეპარატებით კომბინირებული წამლობის საშუალებით. ნაცრისფერი სიდამპლის საწინააღმდეგოდ გამოიყენება სპეციფიკური პრეპარატები – “ტელდორი”, “სვიჩი”, “სიგნუმი” დოზით 1კგ/1 ჰა, ხოლო ლაქიანობის წინააღმდეგ – სპილენძის შემცველი პრეპარატები, “რიდომილი” და სხვა.

მარწყვის პლანტაციაში აუცილებელია დაცული იყოს მორწყვის შესაბამისი რეჟიმი. მარწყვს ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვს და მისთვის მეტად სასარგებლოა ხშირი და მცირე ულუფებით მორწყვა. ამ მიზნით ყველაზე გამართლებული წვეთოვანი მორწყვის სისტემების გამოყენებაა.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin