მარსზე შეიძლება უფრო მეტი წყლის რეზერვუარი იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა

2 წლის წინ მარსზე ტბა აღმოაჩინეს. ახალი კვლევა კი აჩვენებს, რომ, შესაძლოა, იგი პლანეტაზე ერთადერთი არ იყოს. მარსის სამხრეთ პოლუსზე, შეიძლება, წყლის ოთხი მიწისქვეშა აუზი მდებარეობდეს, რაც გვაჩვენებს, რომ მარსზე იმაზე მეტი წყალია, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.

2018 წელს იტალიელმა მეცნიერებმა ევროპული კოსმოსური სააგენტოს მიერ მოპოვებული რადარის მონაცემებით, 1.5 კილომეტრის სიღრმეზე ტბა იპოვეს. სამხრეთ პოლუსთან ახლოს მდებარე ტბა დაახლოებით 20 კილომეტრი სიგრძისაა. 2 წლის შემდეგ კი მეცნიერების იმავე ჯგუფმა 50 კილომეტრის მოშორებით კიდევ 3 რეზერვუარი აღმოაჩინა.

ახლახანს აღმოჩენილი აუზები 2018 წელს ნაპოვნი ტბისგან დიდად არ უნდა განსხვავდებოდნენ. მათი სიგრძე 10-დან 30 კილომეტრამდე მერყეობს, თითოეული მათგანი კი მიწისქვეშ 1,5 კილომეტრ სიღრმეზე მდებარეობს.

მარსის მომავალი კოლონისტებისთვის წყალზე წვდომა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ყველაფრის დეტალურად გამოსაკვლევად დამატებითი ინფორმაციაა საჭირო.

წყარო: technologyreview.com

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin