მარნეულში მოყვანილი კენკრა ჰოლანდიაში იყიდება

სამი ქართველი ქალის, თეა ქუთათელაძის, ხათუნა ქუთათელაძის და ია თოფურიას ბიობლანტაციაში მოყვანილი კენკრა ევროკავშირის ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანაში, ჰოლანდიაში გადის ექსპორტზე. გარდა ევროპისა, მარნეულში მოყვენილი ჟოლოს გემო უკვე იციან ყატარშიც. „როდესაც სტიკერი მივიღე ფოსტაზე, სადაც მარნეული, საქართველო ეწერა, ჩემი სიხარულის ცრემლები ცვიოდა კლავიატურაზე. წარმოვიდგინე, როგორ გაიცნობდნენ მარნეულის ერთ პატარა სოფელს ამხელა ქვეყანაში და ეს სამმა გოგომ შეძლო, სულ რაღაც 2 წელიწადში. ხოდა, ნუ შევუშლით ერთმანეთს ხელს, პირიქით ერთ გუნდად უნდა ვიმუშაოთ და გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი პატარა ლამაზი ქვეყანა და ფინანსურადაც გავძლიერდეთ“ -იხსენებს კომპანია „ქართული კენკრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თეა ქუთათელაძე. „ქართული კენკრა“ 2017 წელს დაარსდა. ბიომეურნეობა მარნეულის სოფელ ახლომახმუდლოში მდებარეობს. კომპანიას 7 ჰა-ზე აქვს გაშენებული 3 ჯიშის ჟოლო და 2 ჯიშის მაყვალი.