კუბაზე საკვების დეფიციტთან საბრძოლველად, ხელისუფლება მღრღნელებისა და ნიანგების ფერმებს ააშენებს – Independent

კუბის ხელისუფლება აპირებს, მოსახლეობა შიმშილიგან ახალი ფერმებით იხსნას. ამბავში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა ფაუნის ის სახეობები, რომელსაც ამ ფერმებში მოაშენებენ, – ნიანგები, სირაქლემები და მღრღნელები. როგორც Independent-ი წერს, ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება მოშიმშილე ადამიანების რაოდენობა, რადგან ადგილობრივ ხელიუფლებას არ გააჩნია ეფექტური სამოქმედო გეგმა, – თუ როგორ ებრძოლოს სიღარიბეს.

„სირაქლემა 60 კვერცხს დებს, საიდანაც, საშუალოდ, 40 სირაქლემა იჩეკება, მათგან კი, წელიწადში 4 ტონამდე ხორცის მიღებაა შესაძლებელი. ეს მაშინ, როცა ძროხა წელიწადში მხოლოდ ერთ ხბოს გვაძლევს“ – ამბობს გილერმო გარსია ფრიასი, რომელიც კუბის ხელისუფლების ამ ახალ კამპანიას ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება მღრღნელებს, – ამ კუნძულზე 10-მდე სახეობის ნუტრია ბინადრობს. ამ ძუძუმწოვრის წონა, ზოგ შემთხვევაში, 8.5 კილოგრამსაც კი აჭარბებს და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, ისევე, როგორც ნიანგის, მისი ხორციც დელიკატესად მიიჩნევა.

კუბაში საკვების 70%-ზე მეტი სხვა ქვეყნებიდან შედის. კომუნისტური პარტიის ლიდერმა, რაულ კასტრომ ცოტა ხნის წინ მოსახლეობას აცნობა, რომ საკვების დეფიციტი ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა, არ ელის, რომ კუნძული 1990-იანი წლების უკიდურე სიღატაკეს დაუბრუნდება.