“კონტაქტური ბოსტანი” რუსთავში – ხელშესახები მეურნეობა სკოლის მოსწავლეებისთვის

ორი წლის წინ, რუსთავის მე-16 სკოლაში, კონტაქტურმა ბოსტანმა დაიწყო ფუნქციონირება. იდეის ავტორი მარიამ ქავთარაძე და მისი მეგობრები გიორგი ნანიტაშვილი, ანა დევიძე და ანა ბერიძე არიან. კონტაქტური ბოსტანი არის ადგილი, სადაც ბავშვებს, ბუნებასა და ბიოლოგიაში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა და იმის ნახვა შეუძლიათ, თუ როგორ ითესება მცენარე, და რა სჭირდება ზრდა-განვითარებისთვის. პროექტის ერთ-ერთი მიზანი ბავშვების პროფესიული განათლებით დაინტერესებაა. მარიამის თქმით, საჭიროა, ბავშვებმა გაიაზრონ, რომ აგრონომი, მებაღე, მევენახე და ზოგადად, ამ სფეროში მოღვაწე თუ მისი მცოდნე ადამიანები ჩვენს ქვეყანას – სოფლის მეურნეობის  განვითარებას ძალიან სჭირდება.

“ჩვენ ერთად ვსწავლობთ, ვმეგობრობთ და ვრგავთ სხვადასხვა ერთწლოვან კულტურებს, ბოსტანი ის ადგილია, სადაც ბავშვს შეუძლია მოვიდეს, საკუთარი ხელით დარგოს, მორწყას, მოუაროს და მოიყვანოს ჯანსაღი ხილი თუ ბოსტნეული და რაც მთავარია მიიღოს ყველა კითხვაზე პასუხი”.

როგორ და როდის გაჩნდა კონტაქტური ბოსტნის პროექტის გაკეთების იდეა?

  • კონტაქტური ბოსტნის შექმნის იდეა 2017 წლის მარტში გაჩნდა. ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხის, რუსთავის როტარი კლუბისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ “ინოვაციების ფესტივალზე”. როცა ვფიქრობდით რა შეიძლებოდა შეგვექმნა ახალი და საინტერესო, დავფიქრდით იმაზე, თუ რა გვინდოდა და არ იყო ხელმისაწვდომი მაშინ, როცა სკოლაში ვსწავლობდით. ეს გახლდათ პრაქტიკული მეცადინეობები, სწორედ ასე გაჩნდა იდეა, რომელმაც გაიმარჯვა და მცირე გრანტიც მოვიპოვეთ იმისათვის, რომ საბაზისო საქმიანობა დაგვეწყო. შემდგომში, პროექტი შევიტანეთ რუსთავის მუნიციპალიტეტისა და ფონდი ორბელიანის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე. მოვიპოვეთ დაფინანსება და აქტიურად განვაგრძეთ ბოსტნის სრულყოფაზე ზრუნვა.

რატომ კონტაქტური ბოსტანი და არა მაგალითად სათბური?

  • დიახ, ჩვენ თავიდანვე ვფიქრობდით სათბურის გაკეთებას, თუმცა რადგან ჯერჯერობით გამოცდილება არ გვქოდა ამ საქმიანობაში, ვარჩიეთ თავდაპირველად ყოფილიყო ბოსტანი. რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ბევრს ვსწავლობთ და იმედი გვაქვს სათბურის იდეაც რეალობად იქცევა მომავალში.

ვინ გეხმარებათ ბოსტნის მოვლა-პატრონობაში და რა კულტურები მოგყავთ?

  • ბოსტნის მოვლაში აქტიურად არიან ჩართულები ქ.რუსთავის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის #16 საჯარო სკოლის მოსწავლეები. ბავშვები დიდი მონდომებით აკეთებენ ყველაფერს. მხარდაჭერა გვაქვს, როგორც პედაგოგიური კოლექტივის მხრიდან, ასევე სკოლის დირექციისაგან. არ შემიძლია არ აღვნიშნო მანდატურის სამსახურიც. არამარტო მე-16 სკოლის მანდატურები ინტერესდებიან ბოსტნის საქმიანობით, არამედ სხვა სკოლებიდანაც არის ჩართულობა, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. ბოსტანში მოგვყვავს ძირითადად ერთწლიანი კულტურები: სხვადასხვა სახის მწვანილი, კიტრი, პომიდორი, ბოლოკი, კომბოსტო, ბადრიჯანი, წიწაკა, ხახვი, ბროკოლი, ლობიო. ასევე გვაქვს ჟოლო, მოცხარი, მარწყვი, საზამთრო და ნესვი. ასევე გვაქვს დეკორატიური ყვავილებიც და ზეთისხილის ხეებიც.  ეს ყველაფერი ნელ-ნელა ირგვება, მოსავლის აღების დრო როცა მოვა შემდეგ ვნახავთ როგორ შედეგს გამოიღებს ჩვენი შრომა.

რა გეგმები გაქვთ პროექტთან დაკავშირებით?

  • სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ჩვენი პროექტი ქალაქ რუსთავის სხვა სკოლებშიც შევიტანოთ და უფრო მასშტაბური სახე მივცეთ. ეს პროექტი ჯერ-ჯერობით საპილოტეა და ვნახოთ როგორი გამოხმაურება ექნება. უკვე ბევრი მიმდევარი გვყვავს სოციალურ ქსელში, ბევრი ადამიანი გვგულშემატკივრობს და გვიდგას გვერდით. იმედი გვაქვს, კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქალაქისთვის, მოსწავლეებისთვის და უკეთესი მომავლისთვის!

ავტორი:

ნოდარ ლაფანაშვილი