„კირნათი ჰესის“ მშენებლობის გამო, აჭარაში 34 მოქალაქეს მიწებს იძულების წესით ჩამოართმევენ

„კირნათი ჰესის“ მშენებლობის გამო, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაში წერია.

საუბარია 34 მოქალაქის საკუთრებაში არსებულ 16 სასოფლო-სამეუნეო მიწის ნაკვეთზე.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2019 წლის 29 ოქტომბერს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამინისტროს მიმართა და კირნათი ჰესის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

„სააგენტოს მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება უძრავი ქონების (მიწა, შენობა-ნაგებობა, მრავალწლიანი ნარგავები) ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით“ – აღნიშნულია ბრძანებაში.

სამინისტრომ სააგენტოს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მინისტრის გადაწყვეტილებით, „კირნათი ჰესის“ მშენებლობის პროექტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად უნდა ჩაითვალოს.

დოკუმენტში მოყვანილია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით“.

დოკუმენტს ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე მიქაბაძე აწერს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin