კანადაში, Apimondia 2019-ზე გამოფენილმა ქართულმა თაფლმა მაღალი შეფასება დაიმსახურა

კანადაში, კვებეკის პროვინციის ქალაქ მონრეალში, უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა,  Apimondia 2019 გაიმართა. ქართული თაფლის მწარმოებლებს წელს პირველად ჰქონდათ საშუალება, ღონისძიებაზე საკუთარი პროდუქცია წარედგინათ.

„დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის“, „ქართული ტრადიციული მეღვინეობის“, „ნენას” და შპს “ფუტკარი”-ის მიერ წარმოდგენილმა თაფლის ნიმუშებმა დარგის სპეციალისტებისა და გამოფენის სტუმრების მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

Apimondia 2019 მეფუტკრეობის დარგში უახლესი ტექნოლოგიების მიღწევებს ეძღვნება, სადაც მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ, სამეცნიერო მიმართულების ცოდნა და გამოცდილება გააზიარონ. 46-ე გამოფენის ძირითადი თემა იყო – მეფუტკრეობის როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

სიმპოზიუმზე 7 თემატური ჯგუფი შეიქმნა; დაავადებასთან ბრძოლა; კლიმატის ცვლილებების შედეგად წარმოშობილი ახალი რეალობა; ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სიახლეები; სოფლის განვითარებაში მეფუტკრეობის როლი; მედიცინაში ფუტკრის და მისგან ნაწარმოები პროდუქტების მნიშვნელობა; ფუტკრის გენეტიკური გაუმჯობესება; პესტიციდების გავლენა ფუტკარზე.

ღონისძიებას 80-მდე ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებისა და ვიზიტორი დაესწრო. გამოფენას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე, ასევე, ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.