თბილისის ბაზრობებზე ცხენის და ვირის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებდნენ

თბილისში ცხენისა და ვირის ხორცის რეალიზებაში 2 პირი ამხილეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები, სხვადასხვა რეგიონში, დაბალ ფასში იძენდნენ ცხენისა და ვირის ტანხორცს, რომელიც გადაჰქონდათ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე კუსტარულად მოწყობილ ე. წ. „ბოინში“. ისინი ყოველგვარი რეგისტრაციისა და სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე, არბილებდნენ ცხენისა და ვირის ხორცს, ამუშავებდნენ და რეალიზაციისთვის, სხვადასხვა ბაზრობებსა და კვების ობიექტებში საქონლის ხორცის სახით გაჰქონდათ. ბაზრობაზე, ასევე რამდენიმე ობიექტში, ამოღებულია დიდი ოდენობით ხორცი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს ცხენის და ვირის დნმ-ს. დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.