“ზოგმა შეიძლება იმუშავოს, ზოგმა ვერა”- მინისტრი აგრარულ ბაზრებზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, თუ მუნიციპალიტეტში არ არის ალტერნატიული სავაჭრო სივრცე, რითაც მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა მოხდება, ბაზრის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტი მიიღებს. მისივე თქმით, უკვე არსებობს გაწერილი რეკომენდაციები, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც ბაზარი არ დაიხურება.

“დახურვა ინდივიდუალურად ხდება. ზოგმა შეიძლება იმუშავოს, ზოგმა ვერა. ბაზრის ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული. ჩვენი მზიანი არ არის დახურვა ჩვენი მიზანი არის დაავადების გავრცელების თავიდან აცილება”- ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მუნიციპალიტეტებში აგრარული ბაზრების დახურვის საკითხს.

რომელ მუნიციპალიტეტებშია დაკეტილი აგრარული ბაზრები ნახეთ აქ:

დადგენილი წესების დარღვევის გამო ოზურგეთშიც დაიხურა აგრარული ბაზარი, თუმცა სანაცვლოდ „მობილური ბაზარი“ ამოქმედდა. მინისტრი ამ თემასაც გამოეხმაურა და  ე.წ. მობილური ბაზრის ინიციატორებს მედიკოსებთან კომუნიკაციისკენ მოუწოდა.

“მოვუწოდებ ამ ახალი ინიციატივის ავტორს მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეთ მედიკოსებთან, რომ ჯანდაცვის მიერ დაწესებული ყველა მოთხოვნა იქნას გათვალისწინებული. ყველა ეს გადაწყვეტილება თანხვედრაში უნდა იყოს შემუშავებულ რეკომენდაციებთან” – ამბობს ლევან დავითაშვილი.

ნახეთ, მოძრავი „სასურსათო მაღაზია“ ოზურგეთში:


მოძრავი „სასურსათო მაღაზია“ ოზურგეთში
წყარო: https://bit.ly/3e1KP4H

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტებში ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა დიდი აგრარული ბაზრები. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მკაფიოდ ვერ გვპასუხობენ თუ რა ალტერნატიული ფორმით შეძლებენ მოვაჭრეები თავიანთი მალფუჭებადი პროდუქციის  გაყიდვას ან როგორ შეძლებს მოსახლეობა პროდუქტის შეძენას.

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული ბაზრებისთვის ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციებს აქვეყნებს.

რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ აგრარულმა ბაზრებმა?

ჩამონათვალი უცვლელად:

ბიზნესოპერატორის (ბაზრის ადმინისტრაცია) ვალდებულებები:

ბიზნესოპერატორი ვალდებულია:

ა) მიუხედავად იმისა, აგრარული ბაზარი განთავსებულია დახურულ სივრცეში თუ ღია სივრცეში, ახალი კორონავირუსით (COVID-19) ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით უზრუნველყოს მომხმარებელთა/მყიდველთა ნაკადურობის დაცვა, რისთვისაც საჭიროა მკაცრად განისაზღვროს და გაიმიჯნოს ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელთა/მყიდველთა შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით;

ბ) დახურულ სივრცეში განთავსებული აგრარული ბაზრის შესასვლელში განათავსოს დეზობარიერები და უზრუნველყოს დეზინფექტანტით მათი რეგულარული განახლება;

გ)პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყონ დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია;

დ) უზრუნველყონ ტერიტორიის საჭიროებისამებრ რეგულარული რეცხვა და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია და ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა;

ე) უზრუნველოს აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, შესაბამის ადგილას, საკმარისი რაოდენობის ხელსაბანის და საპირფარეშოს არსებობა. უნდა ხდებოდეს მათი დასუფთავება/დეზინფიცირება, ხელსაბანი აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით;

ვ)როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, სამუშაო ადგილზე, სამუშაოს დაწყების წინ მოახდინოს მოვაჭრე პერსონალის იდენტიფიკაცია (მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა) და გააკონტროლოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა (ტემპერატურის გაზომვით,) და აღრიცხოს იგი მისთვის ხელსაყრელი მეთოდით;

ზ) არ დაუშვას აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრე პერსონალი, თუ გამოკითხვით დადგინდება, რომ:

ზ.ა) მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;

ზ.ბ) ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);

ზ.გ) აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);

ზ.დ) მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს, კერძოდ: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

თ) უზრუნველყონ მომხარებელთა/მყიდველთა შორის სოციალური დისტანციის დაცვა არანაკლებ 2 მ მანძილზე;

ი) სავაჭრო სივრცის ფართობის მიხედვით განსაზღვრონ და არეგულირონ აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ერთდროულად მომხმარებელთა/მყიდველთა შეზღუდული რაოდენობა;

კ) არ დაუშვას აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელი/მყიდველი, პირბადის გარეშე და რომელსაც ხელები დაცული არ ექნება ერთჯერადი ხელთათმანით ან ერთჯერადი პლასტიკური პაკეტით;

ლ) უზრუნველყოს მოვაჭრე პერსონალის და მომხმარებლის/მყიდველის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, სათანადო აღნიშვნით (წარწერით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

მ) სავაჭრო პავილიონებში და ვიტრინებში, სადაც ხდება ხორცისა და რძის ნაწარმის რეალიზაცია, დაცული უნდა იქნეს შენახვის პირობები და ტემპერატურული რეჟიმები;

ნ) ბაზრის ტერიტორიაზე სატვირთო და მსუბუქი მანქანის შესვლისათვის განახორციელონ მათი რეცხვა და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება;

ო) იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის ტერიტორიის მცირე სივრციდან გამომდინარე ვერ ხერხდება ყველა მოვაჭრის ერთდროულად განთავსება, ბაზრის დირექციამ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, წარმოადგინოს გეგმა-გრაფიკი და გაიმიჯნოს სხვადასხვა პროდუქტებით ვაჭრობა დღეების მონაცვლეობით (მაგ. ერთ დღეს განთავსდეს მხოლოდ ხილი და ბოსტნეული მომდევნო დღეს ხორცი, ყველი და ა.შ).

 მოვაჭრე პერსონალის ვალდებულებები

აგრარულ ბაზარში მოვაჭრე პერსონალი ვალდებულია:

ა) სამუშაო პროცესი განახორციელოს ამ რეკომენდაციების და ბიზნესოპერატორის მითითებების შესაბამისად;

ბ) სამუშაო ადგილზე დაიცვას ჰიგიენის წესები;

გ) მისალმებისას არ ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და მოერიდონ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);

დ) არ გადასცენ მობილური ტელეფონი გამოყენებისთვის სხვა პირს;

ე) მოერიდონ თავშეყრას, დაიცვან რეკომენდაციით გათვალისწინებული სოციალური დისტანცია (არანაკლებ 2 მ-სა);

ვ) სამუშაოების შესრულებისას გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც აწვდით ან/და მიუთითებთ ბიზნესოპერატორი დამსაქმებელი;

ზ) სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავონ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებენ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;

თ) სამუშაო ადგილზე არ გამოიყენონ სამკაულები, ხელის ჰიგიენის სრულყოფილად ჩატარებისათვის;

ი) ხელის ჰიგიენა ჩაიტარონ დამატებით აუცილებლად :

ი.ა) საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ;

ი.ბ) დახველების ან დაცემინების შემდეგ;

ი.გ) საპირფარეშოთი სარგებლობამდე და შემდეგ;

კ) საფუძვლიანად დაიბანონ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალონ;

ლ) გამოიყენონ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებენ ხელების დაბანას და გაშრობას.

მ) დახველების და დაცემინების დროს მიიფარონ სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდონ ურნაში/კონტეინერში;

ნ) მოერიდონ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრონ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება;

ო) უზრუნველყოს სამუშაო სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა.

 მომხმარებლის/მყიდველის ვალდებულებები:

ა) აგრარულ ბაზარში მომხმარებელი/მყიდველი ვალდებულია იმოქმედოს ამ რეკომენდაციების და ბიზნესოპერატორის მითითებების შესაბამისად;

ბ) აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა განახორციელონ მხოლოდ მითითებული სავალდებულო ნიშნის მიხედვით;

გ) დაიცვან სოციალური დისტანცია არა ნაკლებ 2 მ მანძილისა;

დ) სურსათთან შეხება განახორციელოს მხოლოდ ერთჯერადი ხელთათმანის ან ერთჯერადი პლასტიკის პარკის გამოყენებით;

ე) დახველების და დაცემინების დროს მიიფარონ სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვი;

ვ) გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი ან ერთჯერადი პლასტიკის პარკი განათავსონ შესაბამის ურნაში/კონტეინერში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin