ზემო სვანეთის ბუნების დაცვისთვის, რეკომენდებულია დაცული ტერიტორიის დაარსება – “მწვანე ალტერნატივა”

ზემო სვანეთში, იდლიანის, ხაიშის, ჭუბერსა და ნაკრას თემების ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიის შექმნა ადგილზე გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს მოაგვარებს, – ასე ფიქრობენ „მწვანე ალტერნატივაში“. ორგანიზაციაში უკვე შეაფასეს, რამდენადაა შესაძლებელი ამ იდეის განხორციელება და 6-თვიანი  კვლევის შედეგებიც წარმოადგინეს. გარემოს დაცვისა დ სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ზემო სვანეთის ეს ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია. მცირემიწიანი ზონის მოსახლეობა ტყეში მოპოვებულ მერქნულ რესურსებზეა დამოკიდებული.  ეს ეკოსისტემები კი, ღირებულია არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ – გლობალური მასშტაბითაც, – დედამიწის ზომიერ სარტყელში შემორჩენილი ერთ-ერთი უკანასკნელი ხელუხლებელი ტყეები სწორედ ამ ხეობებში გვხვდება.

„მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი, ირაკლი მაჭარაშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფომ ამ დღემდე ვერ შეძლო ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც ტყის ეკოსისტემის მდგრად მართვას უზრუნველყოფდა და ეკანონო ტყითსარგებლობისა და კორუფციის შესაძლებლობას შეამცირებდა. მისივე განცხადებით, რეგიონში VI კატეგორიის დაცული ტერიტორია უნდა შეიქმნას.

 საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მე-6 კატეგორია მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას გულისხმობს. ესაა დაცული ტერიტორიის ის ტიპი, სადაც ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარებაცაა შესაძლებელი.

„მწვანე ალტერნატივამ“ აღნიშნული კვლევა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში მოამზადა.

სინქრონები:

  • ირაკლი მაჭარაშვილი – „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი;
  • კოტე ერისთავი – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი.