ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში თოვლის საფარის სიმაღლე 50 სანტიმეტრია, ქვეყანაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რათა დაზარალებული რეგიონები Covid 19-ის ვაქცინითა და საკვებით მომარაგდეს – ინფორმაციას BBC აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მინიმუმ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ათასობით მოგზაური კი გადაადგილებას ვერ ახერხებს.
ღამის განმავლობაში, ესპანეთის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა -8C-მდე დაეცა, მეტეოროლოგების ცნობით, თოვლი სახიფათო ყინულად იქცეოდა.
ესპანეთის მთავრობის თქმით, დამატებითი ზომები გატარდა, რათა კორონავირუსის 300,000 ვაქცინა რეგიონალურ ჯანდაცვის ორგანოებს მიეწოდოს, როგორც დაგეგმილი იყო.
ესპანეთის ადგილობრივი გამოცემა El Mundo წერს, რომ დედაქალაქში სატვირთო მანქანებით 3,500 ტონა მარილი შეიტანეს.
მადრიდში თოვლის რეკორდულმა რაოდენობამ უპრეცენდენტო სცენები გამოიწვია: ხალხის ნაწილი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე თხილამურებით სრიალებდა, ზოგიერთი კი კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ ზომებს არ ითვალისწინებდა და პირბადეების გარეშე თოვლში გუნდაობდა – წერს BBC.


