ჩვენი საპენსიო დანაზოგები გლობალურ კომპანიებში

ინფლაციის დაზღვევისა  და ამონაგების გაზრდის კუთხით  საპენსიო ფონდი , ახლ მექანიზმს – გლობალურ დივერსიფიკაციას გეგმავს, რაც უცხოური ვალუტისა და შემდეგში გლობალური ინდექსის შეძენას გულისხმობს.

2022 წლის პირველი ნახევრიდან, თანმიმდევრული ნაბიჯებით აქციების შეძენა იგეგმება, კანონი ამის საშუალებას 20%-ინი ლიმიტით იძლევა.  დღეს საპენსიო ფონდის 20% – დაახლოებით 120 მილიონი დოლარია, სწორედ ამ თანხის დაბანდებაა გეგმაში.

მაიკროსოფტის აქციების დინამიკა
ტესლას აქციების დინამიკა
ფეისბუქის აქციების დინამიკა

საპენსიო ფონდმა არჩევანი  Morgan Stanley  ინდექსზე  შეაჩერა.

სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცერს – გოგა მელიქიძეს, უჭირს კონკრეტული წლის მომგებიანობაზე საუბარი, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ გრძელვადიან ინვესტირებას ისახავს მიზნად, მნიშვნელოვანი ამონაგების მოლოდინს იძლევა. 

მელიქიძის განცხადებით, თუ მაღალი ინფლაციური ფონი გახდება სისტემური  და ეს იმაზე მეტად გაგრძელდა ვიდრე ვარაუდობენ, ფონდი მთელი რიგი ინსტრუმენტებით შეძლებს ინფლაციური ფონის დაზღვევას. პირველი ეს არის, პორტფელის ის ნაწილი, რომელიც მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე, ამავდროულად გლობალური დივერსიფიკაცია, რომელიც იქნება მყარ ვალუტასა და ფასიან ქაღალდებში, ის წარმოადგენს ცალკეულ დაზღვევას და  ბაზარზე გამოსული კორპორატიული ობლიგაციები წაიკითხავენ მაღალინფლაციურ ფონს და მასში ინვესტირება დააზღვევს ინფლაციას. ამ თემაზე ვესაუბრეთ საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცერს გოგა მელიქიძეს:

  • გაქვთ თუ არა ზუსტად გადაწყვეტილი სად წავა ეს ფული, აქციებში თუ ობლიგაციებში?

საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მოხდება გლობალურ აქციების ინდექსში, კონკრეტულად MSCI World ინდექსში. ეს არის ინდექსი, რომელიც მოიცავს 23 განვითარებულ ეკონომიკას, 1,555 კომპანიის აქციებს (როგორებიც არიან: Apple, Microsoft-ი, Amazon, Tesla, Google, JP Morgan-ი, Facebook-ი, და ა.შ..), 12 სხვადასხვა სექტორს.

  • ინდექსში MSCI World ინვესტირება ვისი რეკომენდაციით გადაწყდა?

საინვესტიციო საბჭოს შერჩევით საინვესტიციო სამსახურთან ერთად, რამეთუ ეს არის ყველაზე დივერსიფიცირებული ინდექსი მსოფლიოში, მას აწარმოებს Morgan Stanley და ეს ინდექსი ფარავს 23 განვითარებულ ეკონომიკას, 1,546 კომპანიას და 11 სხვადასხვა სექტორს.

  • თუ არსებობს უკვე კომპანია რომელიც მოახდენს საბროკერო/სადილერო მომსახურებას, რა პრინციპით იქნა/იქნება შერჩეული ტენდერი, კონკურსი…?

შერჩეული საბროკერო/სადილერო კომპანია იქნება JP Morgan-ი და იგი ამ მომსახურებას ობლიგაციების შემთხვევაში უფასოდ გააკეთებს, ხოლო ფონდების და აქციების შემთხვევაში მინიმალურ ფასად.

  • რა ჯდება 1 კალენდარული წლის მანძილზე შერჩეული კომპანიის საბროკერო/სადილერო მომსახურება?

გააჩნია როგორ წარიმართება იმ კონკრეტულ წელს გლობალური ფასიანი ქაღალდების შეძენა.

  • მოხდება თუ არა ინვესტირების დაზღვევა?

ინვესტიციების დაზღვევის საჭიროება არ დგას, რამეთუ ინვესტირება ხორციელდება საკმაოდ გრძელვადიან პერსპექტივაში და ამავდროულად გლობალური ინვესტიციების დაზღვევა ჯდება საკმაოდ ძვირი.

  • რამდენს წარმოადგენს ინდექსის საშუალო წლიური მოგების მარჟა?

ბოლო 3 წლის საშუალო წლიური მომგებიანობა არის 21.7%.

ეკონომისტი გივი ადეიშვილი, ფონდის ამ გადაწყვეტილებაში მინიმალურ რისკებს ხედავს, მისი აზრით, საპენსიო სააგენტომ მთავარია სწორად  გაწერილი, საერთაშორისოდ მიღებული გაიდლაინების მიხედვით იმოქმედოს და შეიძინოს დაბალრისკიანი,
საერთაშორისო  სარეიტინგო სააგენტოების მიერ, დადებითად შეფასებული, მაღალი რეიტინგის მქონე ფასიანი ქაღალდები.

სავარაუდოდ, თუ საშუალო ხელფასად 1300 ლარს ჩავთვლით (საქსტატის მონაცემით 1368 ლარი), საპენსიო ასაკის პერიოდში, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც 2019 წლიდანვე ჩაერთო დაგროვებით სისტემაში და საპენსიო ასაკამდე შეინარჩუნებს სტაბილურ ხელფასს, შეიძლება ითქვას, რომ ღირსეული პენსიით იქნება უზრუნველყოფილი.

ავტორი: მარიამ ტოგონიძე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin