გერმანული სასამართლოს პრაქტიკა – რა ხდება როცა ძროხის ზანზალაკის ხმა მეზობლებს აწუხებს? 

გერმანიაში, ბავარიის მხარეში წყვილმა უჩივლა მეზობელს, რომელსაც ძროხები ჰყავდა და რძის პროდუქტს აწარმოებდა. 2014 წელს მათ საჩივარში მიუთითეს, რომ ფერმიდან მომავალი სუნი, მწერები და ძროხების ზანზალაკების ხმა აწუხებდათ.

წყვილმა მიუნხენიდან 34 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ჰოლცკირჰენში, სახლი 2011 წელს იყიდა და სამი წლის შემდეგ, მეზობლის, რეჯინა კილერის წინააღმდეგ ადგილობრივ სასამართლოს სარჩელით მიმართა. მოსარჩელეთა ადვოკატის განმარტებით, ძროხების ზანზალაკების ხმა მათ საძინებელში 70 დეციბალს აღწევდა (დაახლოებით მტვერსასრუტის ხმაურის დონე). მოსარჩელეების მტკიცებით, ხმაური მათი ძილის რეჟიმს არღვევდა და დეპრესიაც კი გამოიწვია.

2015 წელს წყვილი და ფერმერი შეთანხმდნენ, რომ ძროხები მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში მოძოვდნენ, – ცოლ-ქმრის სახლიდან, სულ მცირე, 20 მეტრის მოშორებით. მიუხედავად ამისა, წყვილმა კვლავ განაცხადა, რომ პირუტყვის ზანზალაკების ხმა მაინც აღწევდა მათ სახლამდე.

მათ ამჯერად ცალ-ცალკე სარჩელებით მიმართეს მიუნხენის სასამართლოს. წყვილმა ეს დავა წააგო. ქმარმა შემდეგი ინსტანციის სასამართლოს მიმართა, თუმცა მისი სარჩელი მოსამართლემ არ მიიღო.

ფერმერი, რეჯინა კილერი ამბობს, რომ მის სოფელში ძროხის ზანზალაკის ხმა არათუ გამაღიზიანებელია, არამედ ეს ადგილობრივების ტრადიციის ნაწილია. მისივე განმარტებით, ზანზალაკი აუცილებელია, რათა მეპატრონემ იცოდეს მისი ადგილმდებარეობა. მან უარი თქვა ძროხებისთვის GPS მოწყობილობების დამაგრებაზე და განმარტა, რომ მის რეგიონში ამ ტექნოლოგიებით სარგებლობის საკმარისი გამოცდილება არ აქვთ.

წყარო: Deutsche Welle

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin