გერმანელმა ფერმერებმა მოსავლის შემცირების გამო მთავრობას უჩივლეს

გერმანელი ფერმერების ნაწილმა მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი  მოამზადა და ხელისუფლება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის არაეფექტურობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ფერმერთა აზრით, მთავრობა გამონაბოლქვის შესამცირებლად სწრაფ და ეფექტურ მექანიზმს არ იყენებს, რის გამოც, მათი მოსავალი წლიდან წლამდე მცირდება.

სასამართლომ ფერმერების სარჩელი არ მიიღო და მიუთითა, რომ „მოსარჩელეებს არ ჰქონდათ საჩივრის სამართლებრივი საფუძველი“, თუმცა მათ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ნიდერლანდებში მსგავსი დავა მოქალაქეთა სასარგებლოდ გადაწყდა. მაშინ 900-მდე ადამიანმა მთავრობა აიძულა, გამონაბოლქვისა და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების გატარება დაეჩქარებინა.

2019 წლის ზაფხულში, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში რეკორდული ტემპერატურის 400-მდე შემხვევა აღირიცხა. 1-ლი მაისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით, 29 ქვეყანაში დაფიქსირდა ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა. ამ რეკორდთა მესამედი გერმანიაზე მოდის, მას მოსდევს საფრანგეთი და ნიდერლანდები.