განახლებად ენერგიებზე მომუშავე ელექტროსადგურები და ახალი რეგულაციები

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, უბანს, დასახლებას, სოფელს, შეუძლია განახლებად ენერგიებზე მომუშავე ერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით გამოიმუშავოს ელექტროენერგია, მოიხმაროს საჭირო ოდენობა, ხოლო ჭარბი რაოდენობა შესაბამის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს მიაწოდოს, – ამის შესახებ დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ-მა) იმსჯელა. კომისიის მიერ შემუშავებული ნეტო-აღრიცხვის ახალი რეგულაცია მომხმარებელთა ჯგუფებს ხელს შეუწყობს, დაზოგონ ელექტროენერგიის გადასახადი და უფასოდ მოიხმარონ მათ მფობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია.

„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელისათვის მიწოდებული ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენება, მომხმარებლებს ნებისმიერ პერიოდში შეეძლებათ. ამასთანავე, ნეტო-აღრიცხვის კიდევ ერთი ახალი რეგულაცია საშუალებას აძლევს სადგურების მფლობელებს მთლიანად აითვისონ ზაფხულის პერიოდში გამომუშავებული ელექტროენერგიის ქვითარზე დაგროვილი კრედიტები“ – აცხადებენ სემეკ-ში.

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ განხორციელებული კიდევ ერთი ცვლილების შესაბამისად, მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისას განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებლებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთების საფასური გაუნახევრდებათ.