გავასაჩივრებთ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამას ჩვენი იურისტები გადაწყვეტენ – მერაბ ლომინაძე

“მე ეს უფრო სპეკულირების საგანი მგონია, როდესაც ამხელა ჰესს და ამხელა პროექტს ვკიდებთ ხელს, ცხადია, რომ იქ შეიძლება მცირედი რაღაც იყოს არასწორად ან სწორად გაკეთებული, მე ამას ვერ გეტყვით ეს განსჯის საგანია, მაგრამ 5000 ლარიან ჯარიმაზე, როცა გექნება საუბარი, საერთოდ არ მესმის რაზე გვაქვს ლაპარაკი “,- ასე გვპასუხობს კომპანია ენკას ქართველი დირექტორი წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე დასმულ კითხვას.

სასმართლომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის გამო ენკა სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარიანი ჯარიმაა დააკისრა. 

კომპანიას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 10 დღე აქვს და როგორც მერაბ ლომინაძე გვეუბნება გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილება კომპანიის იურისტებმა უნდა მიიღონ.

მისივე განმარტებით, ისინი ყველა სამართლებრივ ქმედებას დაემორჩილებიან. ” იქნება ეს 5000 ლარი იქნება 5000, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის კორპორატიული მოქალაქე და აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვიქცევით იმ გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომელსაც მიიღებს შესაბამისი უწყებები”.   

დღევანდელ სასამართლო პროცესს, ისევე როგორც წინა სხდომას ინვესტორი კომპანია ენკა არ დასწრებია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin