ბორჯომში ხანძრის ლიკვიდაციისთვის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მუშაობა განაახლა

ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში 15 მაისს გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 30-მდე მეტყევე ჩაერთო. 16 მაისს, გამთენიისას მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმაც. მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე ტერიტორიის მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობდა. ამ დროისათვის, ტყეში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების არეალმა, ჯამში, დაახლოებით, 3.5 ჰა შეადგინა.