ბოლო 24 საათში 318 ობიექტი შემოწმდა და 318-ვეს ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა – ბექა ფერაძე 

12 იანვრის მდგომარეობით, 318 ობიექტი შემოწმდა და პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე 318-ვე ობიექტის მიმართ ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება გაიცა – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა. ბექა ფერაძის თქმით, 28 ნოემბრიდან 12 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების მიერ ჯამში 47 435 კომპანია შემოწმდა, მათგან 25 913 კომპანიის მიმართ ცნობიერების ამაღლების კამპნიები განხორციელდა.

ბექა ფერაძის თქმითვე, 14 588 ობიექტი განმეორებით შემოწმდა და ყველა კომპანია, რომელშიც რემონიტორინგი განხორციელდა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს სრულად იცავდა. მან აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს ბიზნესსექტორთან, როგორ უნდა გაიხსნას პირველი თებერვლიდან ეკონომიკა, რომ ის იყოს მდგრადი და მოქალაქეებისთვის უსაფრთხო.

“თუ ბიზნესი მალე აღმოაჩენს, რომ მის სტაფში ვირუსია, ეს უზრუნველყოს იმას, რომ კომპანიის ეკონომიკური მდგრადობა და ფინანსური დანახარჯები მაქსიმალურად იქნება შემცირებული. სტაფის ტესტირების ნაწილი არის ახალი კომპონენტი. ყველა ის რეგულაცია და პროტოკოლი, რომელიც არის დამტკიცებული – რჩება. შემოდის ახალი პრევენციული მექანიზმი – ტესტირება, რომელიც მოლებსა და ბაზრობებთან ერთად ეტაპობრივად გავრცელდება მაღალი რისკის შემცვლელ სექტორებზე“ – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ქვეყანაში 3-დან 15 იანვრამდე უქმე დღეებია გამოცხადებული. ბიზნესობიექტების გახსნა 1 თებერვლამდე გადაიდო. სფეროში ჩართულ ადამიანების ნაწილს მიაჩნიათ, რომ ეს მძიმე დარტყმაა მათი ბიზნესისთვის და, მათივე თქმით, დასაქმებულ ადამიანებს სამსახურს ვეღარ უნარჩუნებენ. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin