“ბიოდიზელ ჯორჯია” რაფსის კულტურას “ბიოაგროს” ტექნოლოგიით მოიყვანს

 „ბიოდიზელ ჯორჯია“ კომპანია „ფრეგოსთან“ ერთად საქართველოში ეკომეგობრული საწვავის რეალიზაციას და ამასთანავე, წარმოებას უფრო ფართო მასშტაბებით გეგმავს. ბიოდიზელი ნავთობდიზელთან შედარებით მეტად ეკომეგობრულია გარემოს მიმართ და მისი მოხმარებით ნაკლებად ბინძურდება ჰაერი და გარემო. კომპანია „ბიოდიზელ ჯორჯია“ საწვავის წარმოებას რაფსის კულტურისგან აპირებს. განსაზღვრულია ფართობები, რომლის ათვისებაც ფერმერებთან თანამშრომლობით იგეგმება – კომპანია ფერმერებისგან შეისყიდის წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის რაფსს. რაფსის კულტურა ნიადაგიდან დიდი რაოდენობით ორგანულ და მინერალურ ნივთიერებებს ითვისებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მოვლა-მოყვანის სწორი ტექნოლოგიის შერჩევა, რათა არ გამოიფიტოს ნიადაგები და ბიოდიზელი არა მარტო მოხმარებით არამედ წარმოების დროსაც ეკომეგობრული იყოს.

პრობლემის გადაჭრისა და მწვანე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა „ბიოდიზელ ჯორჯიასა“ და „ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრს“ შორის, რომელზეც რაფსის წარმოების ბიოლოგიური ტექნოლოგიები იქნა განხილული. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, რაფსის კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიას კომპანია „ბიოაგრო“ წინასწარ განსაზღვრული სქემებით უხელმძღვანელებს და ამასთანავე, პროექტში ჩართულ ფერმერებს, საჭიროების შემთხვევაში, დეტალურ კონსულტაციას გაუწევს. ამას გარდა, “მწვანე ბიზნესის ასოციაცია” ქვეყნის მასშტაბით ფერმერებთან შეხვედრებს გამართავს და დეტალურად გააცნობს მათ პროექტის მიზანს, ფერმერთა ჩართულობის მნიშვნელობას და სხვადასხვა ტექნიკურ დეტალებს.

„ბიოაგროს“ სქემა გაითვალისწინებს რაფსის კულტურის თვისებრიობას და ტექნოლოგიურ პროცესებს იმგვარად დაგეგმავს, რომ არ გამოიფიტოს ნიადაგი და რაფსი ბიოლოგიურად სუფთა იყოს.