არაპროპორციული – ომბუდსმენი ნამოხვანში გადაადგილების შეზღუდვაზე 

“არაპროპორციული”,- ასე აფასებს ნამოხვანში არსებულ ვითარებას სახალხო დამცველი. ნინო ლომჟარიას განმარტებით, სოფელ გუმათში საკონტროლო პუნქტზე მოსახლეობას გადაადგილებას დაუსაბუთებლად, წინაპირობის არსებობის გარეშე უზღუდავენ. 

„ვერ დავინახეთ დასაბუთება იმისა, თუ რა არის საჭიროება გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, მით უმეტეს, რომ არანაირი წინაპირობა ან მინიშნება ან მოწოდება ძალადობასთან დაკავშირებით არ ყოფილა, სამწუხაროდ, ვერც აქ მყოფი პოლიციელებისგან მივიღე განმარტება ამის შესახებ, თუმცა ოფიციალურად მივმართეთ შსს-ს, ზოგადად, გამოყენებულ სპეციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სახალხო დამცველმა რიონის ხეობაში ვიზიტისას. 

​ომბუდსმენს ადგილზე ვითარების გასაცნობად დახვდა პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი. გოლეთიანის შეფასებით, პოლიციის მიერ გადაადგილების შეზღუდვა მოსახლეობის ერთმანეთთან დაპირისპირებას ემსახურება.

“ამით ცდილობენ დაგვაპირისპირონ პროტესტში აქტიურად ჩართული მოსახლეობა და ადგილობრივები, რომლებიც აქციაში მონაწილეობას არ იღებენ” – ამბობს გოლეთიანი. 

მისი თქმით შსს-ს მიერ დაწესებული შეზღუდვის გამო ადგილობრივებს პრობლემები ექმნებათ. 

ომბუდსმენის განმარტებით, მომართვის საფუძველზე ისინი მშენებელი კომპანია ენკას საქმესაც განიხილავენ. 

გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. განცხადების თანახმად,” პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, გარკვეულ მიმართულებებზე გადაადგილების შეზღუდვა დროებით ძალაში რჩება, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია”.

ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობა 3 აპრილს განახლდა. ამ დღიდან არის მობილიზებული პოლიციის დიდი რაოდენობა ნამოხვანში. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin