ახალი რეგულაციები ბიზნესისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

ქვეყანაში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი რეგულაციების დანერგვა იგეგმება. ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული ახალი რეგულაციები გაზრდის მწარმოებელთა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბიზნესასოციაციის წევრებთან ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. ახალი მოთხოვნები ძალაში მიმდინარე წლის ივნისიდან უნდა შევიდეს.

„ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული რეგულაციები გაზრდის მწარმოებელთა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს, ეს არის ტრანსპორტი და სამრეწველო ობიექტები.

საკანონმდებლო ინიციატივა, საწარმოების სათანადო ფილტრაციის სისტემებით აღჭურვას და ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. ახალი რეგულაციების შემოღება უზრუნველყოფს სამრეწველო სექტორიდან გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ფილტრაციის სისტემის უქონლობის შემთხვევაში გათვალისწინებული გამკაცრებული საჯარიმო სანქციების პაკეტი, რომელსაც შემაკავებელი ეფექტი ექნება.

სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი 60-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონი აღნიშნავს, რომ “დამაბინძურებელი იხდის”. საწარმოები, რომელთა უკანონო საქმიანობის შედეგად გარემოს ზიანი მიადგება, ვალდებული იქნებიან მის გამოსასწორებლად თანხები გამოყონ და გარემოს აღსადგენად შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. გარემოს დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვენთან საუბრისას არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ საწარმოები არსებულ კანონს ყოველდღიურად არღვევენ, მათ მიერ გამოფრქვეული მავნე ნივთიერებები კი ხალხის ჯანმრთელობას და გარემოს ზიანს აყენებს.

რას ითვალისწინებს კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ – სიუჟეტი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მთავარი ფოტო: ორგანიზაცია “გავიგუდეთ” ფეისბუქ გვერდიდან.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin