ატმის მოსავლის აღება

ხილის კრეფა ყველაზე დაძაბული და საპასუხისმგებლო პერიოდია ატმის ბაღში. არადროულ და მოსავლის არასწორ აღებას შეუძლია მოსავლის დიდი დანაკარგი გამოიწვიოს და შესამჩნევად დააქვეითოს პროდუქციის ხარისხი. კრეფა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მშრალ ამინდში, წვიმიანი ამინდის შემდეგ კრეფა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაყოფზე წვეთები აღარ იქნება. თუ ხილი დანამულია, კრეფა უნდა გადაიდოს 1-2 საათით, ნამის გაშრობამდე.

კრეფის დროს ხის ვარჯი პირველ და მეორე იარუსებად ნაწილდება, ნაყოფი იკრიფება ჯერ ქვედა იარუსის, შემდეგ კი, ზედა იარუსის ტოტებზე.

ატმის კრეფა ხორციელდება შემდეგნაირად: ნაყოფი ხელისგულში თავსდება, შემდეგ ნაყოფის გვერდზე გადაწევის გზით ხდება ნაყოფის კრეფა. დაუშვებელია ნაყოფის ტოტიდან ქვევით ჩამოგლეჯა. კრეფის დროს თავიდან უნდა იყოს აცილებული ნაყოფის ერთმანეთთან მიხეთქება და დაჟეჟვა. აღსანიშნავია, რომ ხილის კანის შენარჩუნება მექანიკური დაზიანების გარეშე განაპირობებს შენახვის გახანგრძლივებას.

კრეფის დროს ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ნაყოფებს ბუსუსი ნაკლებად გაეცალოს, სანაყოფე ტოტები არ დაზიანდეს და არ დაიმტვრეს. მკრეფავებმა უნდა იმუშაონ თითებიანი მოქნილი ხელთათმანებით.

ატმის შენახვის პერიოდი მერყეობს ჯიშების მიხედვით და საშუალოდ შეადგენს 2-3 კვირას. შენახვის ტემპერატურა შეადგენს 0 – 1°C.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin