ალდაგი ფერმერებს 1.5 მილიონი ლარის ოდენობის ზიანს მომენტალურად აუნაზღაურებს

რეკლამა

ალდაგმა წელს აგროდაზღვევის  პოლისების გაყიდვა 17 აპრილს დაიწყო და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, შეფერხების გარეშე. გასული თვენახევრის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, ალდაგის მიერ დაზღვეული მოსავლის დაზიანების უკვე 1500 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ნახევარი უკვე შემოწმებულია ალდაგის ექსპერტების მიერ. დარჩენილი ნაკვეთების შემოწმება 10 ივნისამდე დასრულდება.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში ფემერების მიერ გაცხადებული ზარალის ოდენობა 1 500 000 ლარს შეადგენს.  დაზარალებული ფერმერების ნაწილმა უკვე მიიღო სადაზღვევო ანაზღაურებები. დარჩენილი ნაწილიც დარეგულირდება და მომდევნო პერიოდში გაიცემა.

წელს ალდაგმა ფერმერებისთვის ძალიან  მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანა აგროდაზღვევის პირობებში. კერძოდ, სტიქიისგან ვაზის დაზიანების შემთხვევაში, ალდაგის მომხმარებელი მევენახეებს კომპანია ზარალს დაუყოვნებლივ აუნაზღაურებს. საქმე ისაა, რომ გასულ წლებში, ზიანის ანაზღაურების საფასური მევენახეებს შემოდგომაზე, მოსავლის აღებისას ერიცხებოდათ. რეალურად, დაზიანებული ვაზის აღდგენა ფერმერებისგან ხშირად დამატებით ხარჯებს მოითხოვს, ამიტომ თანხა მათ ყველაზე მეტად სტიქიის შემდეგ სჭირდებათ ხოლმე. ალდაგმა ზარალის ანაზღაურების ვადის დაჩქარება სწორედ მევენახეებისთვის მეტი მხარდასაჭერის მიზნით გადაწყვიტა.

ეს ახალი პირობა 2019 წლის 17 აპრილიდან, სადაზღვევო პოლისების გაცემისთანავე ამოქმედდა და რამდენიმე ათეულმა ფერმერმა ამ გაუმჯობესებული პირობებით უკვე ისარგებლა. შილდელმა მევენახეებმა დასეტყვილი ვენახების ზიანის ანაზღაურება უკვე მიიღეს კიდეც. მიყენებული ზარალი „ალდაგის“ წარმომადგენლების მიერ ოპერატიულად შეფასდა, მიღება-ჩაბარების აქტები მყისიერად გაფორმდა და ფერმერებს ზიანის ანაზღაურების თანხებიც უკვე ჩაერიცხათ. მათ შორის იყო შილდის მკვიდრი აკაკი ასაბაშვილიც.

აკაკი ასაბაშვილს ჰექტარ-ნახევარზე საფერავის ჯიშის ყურძენი აქვს გაშენებული. წელს მან აგროდაზღვევის ხელშეკრულება „ალდაგთან“ 19 აპრილს გააფორმა, რამდენიმე დღეში კი აკაკი ასაბაშვილის ვენახი დაისეტყვა. „კომპანიის წარმომადგენლები ოპერატიულად მოვიდნენ, შეაფასეს და 30%-იანი ზარალი დაადგინეს. ანგარიშის ნომერი „ალდაგს“ 10 მაისს მივაწოდე და თანხა იმავე დღეს ჩამერიცხა. ძალიან კარგი სიახლეა, ვენახი რომ დაისეტყვება, შეწამვლა აუცილებლად მაშინვე სჭირდება, თორემ მერე შეიძლება, მოსავალი 2 წლის განმავლობაში არ მოგცეს. მიღებული თანხით ვაზი უკვე ორჯერ შევწამლე. ყველას ვურჩევ აგროდაზღვევის გამოყენებას, მე რომ თავის დროზე ამ პროდუქტით არ მესარგებლა, ახლა ეს ვენახი საერთოდ აღარ მექნებოდა“, – ჰყვება აკაკი ასაბაშვილი, რომელიც თითქმის 10 წელია აგროდაზღვევის მომხმარებელია.

 „ალდაგის“ აგროდაზღვევის სიახლეს დადებითად აფასებს ჩუმლაყელი მევენახე ნონა კობიაშვილიც. ნონა ამბობს, რომ გაზაფხული ფერმერისთვის ისედაც დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული და როცა ვენახი ისეტყვება, მის აღსადგენად გლეხს თანხები ოპერატიულად სჭირდება. „ვინც სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, იცის, რომ წელიწადის ამ დროს შემოსავალი თითქმის არ არის. ზარალის დაუყოვნებლივ ანაზღაურება კი შანსს გაძლევს, ვაზს უშველო და მოსავლის მდგომარეობა გამოასწორო. ეს სიახლე გლეხებისთვის ძალიან დიდი შეღავათი იქნება“, – აღნიშნავს ნონა.

ვაზის დაზღვევის ახალი პირობით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მევენახეს შეუძლია. აგროდაზღვევისთვის მსურველებმა „ალდაგის“ რეგიონულ წარმომადგენლობებს უნდა მიმართონ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin